"ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის ანტიქართული რიტორიკა, რომელიც ჰქონდათ როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს პირებს და ისინი პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა განადგურებულიყო," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ განცხადებების უარყოფა, რასაც ისინი რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესების კონტექსტში აკეთებდნენ.

"ახლა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ რომ, თითქოს, მათ ეს მიზანი არ ჰქონდათ და სანქციებზე პირდაპირ შეერთებას არ ითხოვდნენ, კიდევ უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინაიდან ეს ადამიანები საკუთარი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში გამოდიოდნენ ამის მოთხოვნით.

ფაქტობრივად, ეს ადამიანები მაშინაც კადრულობდნენ ანტიქართულ განცხადებებსა და საქმიანობებს და ახლაც კადრულობენ, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. ფაქტია, რომ ეს ადამიანები არიან და იქნებიან ტყვეები საკუთარი სიცრუის, საკუთარი უსამშობლობისა და ანტიქართული საქმიანობის," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.