„პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს რადიკალურმა ოპოზიციამ ამ საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. " - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
"ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო, და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან – შეწყდეს საკითხის პოლიტიზება. მეორე – როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, მოდი, ასე ვთქვათ, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.