სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლაზე ჯერ მომართვა არ გვქონია, თუმცა ეს მარტივი ვეღარ იქნება. მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობა ეთიკის და სამედიცინო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევაა.
„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, შესულიყვნენ და გაესინჯათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად გაუგებარი აქტი. სააკაშვილთან განმეორებით შესვლაზე მათი მხრიდან მომართვა ჯერ არ გვქონია, თუმცა აწი ეს მარტივი არ იქნება, რადგან მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს. ეს ყველაფერი არის გადასახედი. ვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია და თუ იქნება მოთხოვნა, ამაზე შემდეგში ვიმსჯელოთ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მარტივი ვეღარ იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს არავის გაუკვირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.