იუსტიციის მინისტრმა „იმედი LIVE“-ს ეთერში სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფომ წარადგინა მყარი არგუმენტები და წარმოუდგენელი იყო, სხვაგვარი გადაწყვეტილება დამდგარიყო და არ გაქარწყლებულიყო ლობისტების საშუალებით წარმოებული, ტყუილზე აგებული კამპანია.
"მთლიანად გაქარწყლდა აბსოლუტურად ყველა ტყუილი, რომელთაც აბრალებდნენ სახელმწიფოს, და ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არის მედიაც, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლობისტებიც, რომლებიც პირდაპირ, ანუ იმას კი არ ცდილობდნენ, რომ ეთავათ, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწოდებინათ, დამორჩილებოდა მკურნალობას, მიეღო შესაბამისი კალორაჟის საკვები, არამედ პირიქით – მოუწოდებდნენ, რომ მას შიმშილობა არ შეეწყვიტა; მაქსიმალურად ცდილობდნენ, მას დაეკლო წონაში და უკანონოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გზით მოეპოვებინა თავისუფლების უფლება.
სხვათა შორის, როდესაც ჩვენ გვქონდა 12 მაისს ბრიფინგი, ამის შემდგომ ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ჩაატარეს საპასუხო ბრიფინგი, სადაც გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მათ არ დაუქირავებიათ ლობისტები, არამედ დაიქირავეს მედია. ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს მედიის დაქირავება იმისთვის, რომ წარმოებულიყო ეს კამპანია და აბსოლუტურად ყველა გაზეთები გაჯერებულიყო ტყუილით, ანუ ეს იყო მხოლოდ აღქმებზე დამყარებული გადმოცემები, რასაც, სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ჟურნალისტები საკმაოდ „წარმატებით“ ახერხებდნენ მძიმე, საგანგაშო მუსიკის ფონზე; მუდმივად იმაზე საუბარი, რომ დღე-დღეზე ეს ადამიანი აღარ იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფო მისთვის არაფერს აკეთებს, თითქოსდა მასთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ – ესეც მრავალჯერ დავადასტურეთ, რომ იყო ტყუილი. სინამდვილეში, არც კი მოუმართავთ სათანადო ფორმით, რომ ეს ექიმები შესულიყვნენ და, საბოლოო ჯამში, დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ