მრავალი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების მიერ არ წყდება პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.
გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე “მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი,” და თითქოს სამინისტროსგან მისთვის გაგზავნილი წერილიც კი მამხელდა სიცრუეში. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სინამდვილეში კი საქმის არსი შემდეგია:
გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ 13:00 საათის მდგომარეობით იუსტიიციის სამინისტროში, არც უშუალოდ მსჯავრდადებულის და, არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყო შემოსული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება. “მტკიცებულებად” ხელთ ეპყრა ელექტრონული ფოსტის ამონაბეჭდი, რაც მხოლოდ მისივე სიცრუის დამადასტურებული საბუთი აღმოჩნდა. სწორედ ამ ქაღალდზე ნათლად ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქალბატონ თამარ ავალიანს, 14:31-ზე დაუბრუნა პასუხი იმის თაობაზე, რომ ქალბატონი გიული ალასანიას განცხადება მიღებულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.
( იხილეთ ფოტო N 1) ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ქალბატონი გიულის წერილი, ქალბატონი თამარ ავდალიანის მეილის მეშვეობით სამინისტროში შემოვიდა 13:14 წუთზე (იხილეთ ფოტო N 2).
შესაბამისად ჩემი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო ბატონი არამკითხე მოამბისა კი დადასტურებული ტყუილი.
ბატონი ტყუილის გამავრცელებელი ასევე ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას დავთანხმდით დემარშის შედეგად, რაც ასევე არის ტყუილი.
მსჯავრდადებულ სააკაშვილს, საქართველოში მკურნალობაში ჩართვის მიზნით, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან შევთავაზეთ ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტში.
საინტერესოა ბატონმა დეზინფორმატორმა ასეთი, მხოლოდ ჭორაობაზე დაფუძნებული, ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ უბრალოდ შემოეტყუილა.
დეზინფორმატორთა გილდიის ახალწვეულმა რაინდმა ასევე ბრძანა, რომ ფურცლებით ხმალაობა არ გვინდა და საქმეს მივხედოთო. თვითაღიარებულ დარტანიანთან ნამდვილად არავინ აპირებს, არც ხმალაობას და მითუმეტეს, არც ომს. პირიქით მოვუწოდებთ სიმშვიდისა და სიმართლისკენ.
აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით კი ვიტყვი, რომ
პატიმრის ოჯახის წევრს უკვე გაეცა პასუხი და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია წარმოდგენილ განცხადებაში არსებული გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ ინფორმირების მიზნით.
სხვა პირებს კი მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გავრცელების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ." - წერს რატი ბრეგაძე "ფეისბუკში".