ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი, კომპლექსურ დაფიქრებას საჭიროებს, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
„ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი, ის საჭიროებს ძალიან კომპლექსურ დაფიქრებას, იმიტომ, რომ უნდა აიწონოს როგორც მისი დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და უნდა მოხდეს რისკების გათვლა. ყველა რისკი უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი მიღებული იყოს ამნისტიაზე გადაწყვეტილება. კონკრეტულ ფორმაზე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს, ეს მათი პრეროგატივაა”, - განაცხადა ბრეგაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება.
ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 273/1-ე და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული.
¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. ამნისტიის პროექტი “გირჩმა“ მოამზადა.