„2019 წლიდან იწყება საქართველო-დასავლეთის კონფლიქტის დაქოქვა, პიკი არის, როდესაც დეგნანი ითხოვს ომს და დაქოქვა მაინც, მე მგონი, იწყება იქიდან, რაც ამ გენიოს ვილსონს წამოსცდა თავის მეგობრობის აქტში. ეს იყო პირველი დოკუმენტი, სადაც პრეტენზიები საქართველოს მიმართ დაიწყო ჩინეთიდან, მიდიხარ ჩინეთისკენ, ირანისკენ, რუსეთისკენ. რეალური მოტივი დასავლეთის კონფლიქტის საქართველოსთან არის ჩინეთი, ამერიკიდან დაწყებული, ჯერ კიდევ ბაიდენიდან, რა თქმა უნდა, თუმცა იქამდე ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019-ში გაგვაფრთხილა, აქ ჩინეთი არ დამანახოთო" – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად"  განაცხადა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მიმდინარეობს ამის პარალელურად პროცესი, როცა ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას თავად ევროპაც ცდილობს და ამერიკის შეერთებული შტატებიც, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, მაგრამ შენ გეუბნებიან, რომ არ გაქვს უფლება, სცადო.

„რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, მაგრამ შენ გაქვს უფლება, რომ სცადო? კიდევ რატომ, იცით? ეს ჩინური ნაბიჯები საქართველომ ისე გადადგა, რომ დასავლეთისთვის არ უკითხავს. ღარიბაშვილი იყო მაშინ, ჩინეთში წავიდა რაღაც სპორტულ ღონისძიებაზე და ხელი მოაწერა სტრატეგიულ ხელშეკრულებას. ამავე დროს, საქართველო კონსერვატორული მოძრაობის წევრი გახდა, რაც აგრეთვე არ უკითხავს ლიბერალებისთვის. ასე რომ, საქართველო გამოიკვეთა, როგორც ლიბერალებისთვის მოუხერხებელი პარტნიორი. სწორედ რომ ლიბერალებისთვის და რეალურად, ლიბერალებს არქმევენ ახლა კობახიძე, თუ სხვა ქართველი პოლიტიკოსები დიფსთეითს. იმიტომ, რომ ეს დიფ სთეითი მეტაფორულია და იმის იქით კონკრეტულად ვიღაც იგულისხმება. ჰოდა, ჩინეთის ამოტივტივება მიუღებელი იყო ამერიკისთვის, უპირველეს ყოვლისა. მერე ლიბერალური ამერიკის მთელი პოლიტიკური ბირთვი გადმოვიდა ევროპაში და რასაც ლიბერალური ამერიკა ღიად აკეთებდა ბაიდენის დროს, დღეს ამ პოლიტიკას ატარებს ევროპა. ანუ, მისთვის მიუღებელი არის ჩინეთის კავკასიაზე გამოსვლა, მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მოტივების გამო, თორემ გეოგრაფიულად ევროპას აწყობს. ამერიკული დიფ სთეითის, ამერიკული ლიბერალების ხათრით იძახის, საქართველო არღვევს ამას, ამას და ამასო. ამ დროს, რუსეთთან ურთიერთობა არ გაქვს, ირანთან თითქმის არ გაქვს და ჩინეთი რჩება ერთადერთი, სადაც რეალურად ნაბიჯები გადადგი ჩინეთისკენ. აი, მაგას გედავებიან და შეგედავებიან გარკვეული დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ეს დრო უნდა გავიდეს.

„ეს დრო უნდა გავიდეს. უცებ დამუხრუჭება არაფრის არ შეიძლება, ხომ? მანქანას ვერ დაამუხრუჭებ, თუკი დიდი ინერცია აქვს აღებული და ევროპამ დიდი ინერცია აიღო იმისკენ, რომ ებრძვის ჩინეთს. დამუხრუჭება არის საჭირო, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ინტერესია; ტრანზიტი ევროპასთან მიდის, ბაზარი ჩინური საქონლისთვის არის ევროპა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, მოუწევს ევროპას იმის თქმა, მე რაც შემეძლო, გავაკეთე და დამანებეთ თავი, მაგრამ ახლა ეს ევროპა არის ჩვენი ოპოზიციის დამკვეთი. ამ ევროპას ახლა სჭირდება არა ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. რეიტინგები ჩვენზე უკეთესად იციან, რომ ვერ მოვა ის ხელისუფლება, რომელზედაც ამბობენ, ის კარგი იყო, დემოკრატიული, ცხრა წელიწადი სულ დემოკრატია იყო საქართველოშიო და ის ორი გვამიც დემოკრატიის გამოვლინებაა თურმე. აი, ამ პირობებში იმათ სჭირდებათ აქ არეულობის სცენა და არეულობის სცენას აკეთებს ჯერჯერობით, თორემ არც ამათ არ აწყობთ, ადრე თუ გვიან, უნდა შევიდნენ ესენიც, მათ ინტერესშია, რომ შევიდნენ პარლამენტში. დაკვეთა არის ის, რომ აქ უნდა იყოს დესტაბილიზაცია. მაკრონმა თქვა გარკვეული ხნის წინ, საქართველოში დაპირისპირება ისეთი მძაფრია, განმეორებითი არჩევნების გარდა სხვა არაფერი უშველისო. დაპირისპირება თუ არ იქნა, ამ ტიპის განცხადებებს ხომ ვერ გააკეთებენ? ასე რომ, დაპირისპირება სჭირდება დასავლეთს, ჯერჯერობით, ლიბერალური სულისკვეთებით გამსჭვალულ დასავლეთს და იმათი ნჯღრევა არის ახლა, თუ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რამე სერიოზულ დესტაბილიზაციას განიცდის. მე ასეთი განცდა არ მაქვს. გავა დრო და ამინდი გამოსწორდება, როგორც ბუნებრივი კლიმატი, ისე პოლიტიკური კლიმატიც გადავა უკვე სხვა რეჟიმში“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.