მიმართვის დოკუმენტს ხელს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე აწერენ.
„გაცნობებთ, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო და პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, როდესაც განიხილებოდა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის აგენტის გამჭვირვალობის შესახებ“ საკმაოდ დაძაბული და მძიმე ვითარების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე ამ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, პირად სოციალურ ქსელში გამოირჩეოდა უხამსი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებებით, რაც საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა. აღნიშნული საჯარო პოსტები შეიცავს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ნიშნებს. კერძოდ, ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის, ბ) ქვეპუნქტის, ბ.ა) ნაწილის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად." ხოლო, ამავე ეთიკის კოდექსის, მე-3 მუხლის ო) ქვეპუნქტის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;“ აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ დიმიტრი სამხარაძე არის საჯარო ფიგურა და მას, როგორც პარლამენტის წევრს აკისრია ვალდებულება - არ წაახალისოს საზოგადოებაში სიძულვილის ენა. მისი, როგორც საჯარო პირის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის ადრესატი ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, პარლამენტის წევრი უნდა მოქმედებდეს ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები სცდება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსით პარლამენტის წევრისთვის დადგენილ სტანდარტებს, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული საჩივარი და მიიღოთ შესაბამისი ზომები. საჩივარს თან ერთვის დიმიტრი სამხარაძის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებული „ფეისბუქპოსტების“ ამსახველი ფოტომასალა”, - აღნიშნულია მიმართვაში.