ვნახოთ, როგორი იქნება სხვადასხვა არასამთავრობოს, სადამკვირვებლო მისიების შეფასება და ამის მიხედვით ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკო-ს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „აშშ-ის ელჩმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცესკო-ს მუშაობამ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას“. აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნაც უშუალოდ ცესკო-სთან დაკავშირებით. როგორი იქნება თქვენი პოზიცია ცესკო-ს მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდება 26 ოქტომბრის საღამოს, როგორიც არ უნდა იყოს ის, მათ შორის, მაგალითად, მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში?“ – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
„ცესკო-ს მუშაობაზე მე მაქვს ერთი ძალიან სერიოზული კრიტიკა და ეს ეხება საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეებს. ყველაფერი გაკეთდა, რომ მათ არ მიეცეთ საშუალება, სრულყოფილად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ერთი მილიონიდან მხოლოდ 100 ათასმა გაიარა რეგისტრაცია, ისიც ძალიან დიდი სირთულეების ფონზე. არცერთი ახალი უბანი არ გახსნილა, თუმცა ყველა პირობა, რაც წერია კანონში, შესრულებული იყო და ამის მიუხედავად, ცესკო-მ არც განიხილა. ამიტომ თქვენი შეფასება ცესკო-სი გასაგებია, მაგრამ არ არის სრულყოფილი. ვნახავთ, როგორ იქნება ცესკო-ს დასკვნა. წინასწარ როგორ უნდა გითხრათ, რა შეფასებას მივცემ. ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები, რა შეფასებები იქნება სხვადასხვა არასამთავრობოს, სადამკვირვებლო მისიების, რომლებიც არიან ქვეყანაში. ამის მიხედვით ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკო-ს მუშაობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.