ჩვენ უცხოელ პარტნიორებს არასაკმარისად ვაფასებთ და უფრო ვლანძღავთ ვიდრე ვაფასებთ, მაგრამ პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე სადაც კეთდება საზოგადოებრივი საქმე, იქ ჩვენთან არიან, ჩვენს ზურგს უკან დგანან ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ასეთი წამოწყებები, ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს ერთ-ერთი ფორმაა, რითიც შეიძლება გამოხატო მოქალაქეობრივი ვალი (რაც ყველას გვაქვს) იმ ხალხის წინაშე, რომლებიც განიდევნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღემდე არათუ ვერ დავაბრუნეთ, არამედ აქაც ვერ შევქმენით ისეთი პირობები, რომ ერთად იცხოვრონ და აქ განაახლონ სოფლის ის ცხოვრება, რაც იქ ჰქონდათ და ის ტრადიციები, რომელიც სწორედ აქ არის ასახული.
ასე რომ ეს პროექტი თავისი აქცენტებით ძალიან სწორია. კიდევ ერთხელ არის დახმარება, დაფინანსება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მათ არასაკმარისად ვაფასებთ და უფრო ვლანძღავთ ვიდრე ვაფასებთ, მაგრამ პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე სადაც კეთდება საზოგადოებრივი საქმე, იქ ჩვენთან არიან, ჩვენს ზურგს უკან დგანან ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებიან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
აქ დგას ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს, რომ შედარებით უსაფრთხოების გრძნობა ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დარჩენილია, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს და რომლისთვისაც უსაფრთხოების ეს განცდა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გამოფენის - “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი” გახსნა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.