„დავასრულე შეხვედრები სომხეთში, ჩემთვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი იყო სომხეთის რესპუბლიკაში. მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიმყოფებოდი ეჩმიაძინში, მის უწმინდესს შევხვდი და დავათვალიერე ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმიც. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალზე. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
"მინდა, საზოგადოებასაც მივმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება. მე, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე აზერბაიჯანშიც გახლდით და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემაა, რა თქმა უნდა, სამშვიდობო პოლიტიკა. იცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებულია მოლაპარაკება, ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სტაბილურობას მოაქვს განვითარება.
„ხაზგასასმელი იყო ის, რომ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, შემდეგ ენერგეტიკული თემა, ტურიზმი, კულტურული თემები. ეს ყველაფერი მოსდევს პოლიტიკურ სიმყარეს და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი იქნება პოზიტიური და წარმატებული, რადგან ვგრძნობ და ვხედავ მზაობას ჩვენი ლიდერების. ჩვენი განწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში არის ყველასთვის ცნობილი, რომ ეს არის მშვიდობის გრძელვადიანი პროცესი, მას ალტერნატივა არ აქვს და ვიცით, რატომ გვინდა მშვიდობა, რათა ჩვენი საზოგადოებები იყვნენ უფრო წარმატებულები, იყოს კეთილდღეობა და იყოს უფრო მეტი გარანტია თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად გამყარდება და გაგრძელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.