საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ყოფილ პროფესიაზე - სპორტულ ჟურნალისტიკაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ არჩეული პროფესია, ურჩევს სპორტული ჟურნალისტიკა აირჩიონ, ვინაიდან მისი თქმით, ეს არის პროფესია, სადაც შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად განვითარდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ინტერვიუში მისი შვილების სპორტულ ინტერესზეც ისაუბრა:
"ფეხბურთის ინტერესი უკვე აქვთ. ორივე სპორტით არის დაკავებული. უფროსი უფრო მეტად ცურვა-წყალბურთზე დადის, პატარა კი ფეხბურთზე. თუ იქნება მისთვის უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა, მე ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმები.
სპორტულ ჟურნალისტიკას რაც შეეხება, ზოგადად ძალიან საინტერესოა ეს საქმიანობა, სპორტულ ჟურნალისტიკაში მართალია მოკლევადიანი გამოცდილება მქონდა, მაგრამ ძალიან ემოციური იყო ის პერიოდი ჩემთვის. ყველას ვურჩევდი, ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ არჩეული თავისი პროფესია, ეს პროფესია აირჩიონ. სპორტული ჟურნალისტიკა არის ერთ-ერთი, რა მიმართულებითაც შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად განვითარდეს და საკუთარი საქმიანობისგან სიამოვნება მიიღოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.