საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით, თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდეს საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა.
„საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.