მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი,“- აღნიშნა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - მიიღო თუ არა პრემიერმა დიმიტრი გვრიტიშვილისგან ინფორმაცია ზეწოლაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:
„მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ