რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება მისი მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები. თუმცა, ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება, ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.