დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ ჩვენი კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანმშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI-ე საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა.
„ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც ებრაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ, არასდროს ყოფილა მათი დევნა. ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან უნიკალურ მეგობრული თანაცხოვრების უდიდეს აღიარებას ნიშნავს. ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეირაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით, სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება“, – განაცხადა პრემიერმა.