გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 0,2 პროცენტს შეადგენს, ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა ქვეყნის დასაშანტაჟებლად.

 „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დაფინანსების თემა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობისთვისაც იქნა გამოყენებული. ამ ფონზე, საბიუჯეტო გრანტებზე უარსაც ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება - ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვერც ამ საკითხს ვეღარავინ გამოიყენებს.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების - რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან.

 „მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.