ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის ევროპიდან. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. [რეკომენდაციების] ბოლო რამდენიმე პუნქტზე, რაზედაც ბორელის გუნდმა ბოლო დაზუსტებები დაგვიტოვა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ყველაფერს შევასრულებთ და თვის ბოლომდე დაიხურება ეს პროცესი. ასე რომ, არავითარი მიზეზი და საბაბი იმისა, რომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. ვუთხარი, რომ სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ევროკავშირის მორიგი სტრატეგიული შეცდომა და უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. მე ეს ბატონ ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს მართლაც არ გვიყვარს უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისევე, როგორც მიუღებელია რაიმე მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას, რადგან საქართველო ე.წ. ტრიოს ფორმატში ყოველთვის იყო და დღესაც არის მოწინავე პოზიციებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით ვუსწრებთ მოლდოვასაც, უკრაინასაც. არსებობს უამრავი სფერო და მიმართულება, სადაც შედარება არ შეიძლება, იმდენად წინ ვართ ამ ქვეყნებთან მიმართებით.

ჩვენ არავის კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა ყველას უფრო მეტი პროგრესი ვუსურვოთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ცალსახად დავაფიქსირო - ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, შარშან არც უკრაინას, არც მოლდოვას ჰქონდა შესრულებული არცერთი პირობა და მათ ავანსად მისცეს ეს სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ ამდენი რაღაც გავაკეთეთ, ღია, გამჭვირვალე პროცესები ვმართეთ. რა თქმა უნდა, ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.