„საით მიდის საქართველო - მე ამაზე ვისაუბრე ვრცლად ჩემს გამოსვლაში პარლამენტში, როდესაც არა მხოლოდ პარლამენტს, პირველ რიგში საზოგადოებას ჩავაბარე ანგარიში გასულ წელს ქვეყნის მიღწევებთან დაკავშირებით. გვაქვს ყველა მიმართულება მოცემული, სადაც არის ძალიან მასშტაბური პროგრესი. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დემოკრატიული სისტემა და ამ დემოკრატიულმა სისტემამ შეინარჩუნა სიმტკიცე გასულ წელსაც და ინარჩუნებს წელსაც, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში და იცით, რომ მუდმივად ვაფართოებთ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის უშუალო სამეზობლოსთან, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, არაბული ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასე ვცდილობთ, მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებას და ამას წარმატებით ვახერხებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ევროკავშირის სივრცეში, ეს არის უნგრეთი. სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც გამოხატავენ მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, ყველასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას. ასევე იცით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა აშშ-სთან მიმართებით. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი და ასევე გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ასევე კონკრეტულ მიმართულებებს შევეხე ჩემს ანგარიშში, როგორიც არის მაგალითად კორუფციასთან ბრძოლა, მეტი გამჭვირვალობა და ა.შ. ყველა მიმართულებით ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.