ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული მითუმეტეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ისედაც აქვს დე ფაქტო სანქციები დაწესებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს, თუმცა ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ანუ, მასზე დე ფაქტო ისედაც მოქმედებს ეს სანქციები, ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, პირადად მე, დეპუტატებს და ა.შ. ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები. ჩვენთვისაც ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, უფრო არასერიოზულია კიდევ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დასაკარგი 2 მლრდ დოლარი, სასწორზე დადო მან 2 მლრდ დოლარი, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ამის მსგავსი. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი გვაძლევს ასეთ მაგალითს, თუ მისთვის არის არასერიოზული საუბარი დე-ფაქტო, თუ ფორმალურ სანქციებზე, თქვენ წარმოიდგინეთ მით უმეტეს ჩვენთვის როგორი არასერიოზულია ამაზე საუბარი.
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან. ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის. ასეთ პირობებში ვიღაცამ ვიზებით დაგაშანტაჟოს, ან რაღაცის გაყინვით დაგაშანტაჟოს, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას. ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას,“- განაცხადა პრემიერმა.