ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თვითონ ევროპელებიც აღნიშნავდნენ თავიანთ კომენტარებში, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა, ესეც გარკვეული არ არის, იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება. მაგრამ ასეც და ისეც, თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. ესეც დაადასტურებს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა.
შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ, პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, იცით, რომ ელჩი არის ზოგადად, ხელშეუხებელი, ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენს ელჩებს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თავადაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებებში, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ასეც და ისეც, ეს ყველაფერი არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ, სამწუხარო, პოლიტიკური, ანტიქართული გადაწყვეტილება. ეს არის მარტივი პროვოკაცია, რომლის მიზანია მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე და პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, “ - განაცხადა პრემიერმა.