ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა გაგრძელდეს.

„ბატონ სომხეთის პრემიერთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე. 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი. ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ბუნებრივია, ვგულისხმობ მსხვილ პროექტებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს და კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.