ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა უპასუხა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას ჯოზეფ ბორელის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო დარღვევების გამოძიებასა და კანონების გადახედვას, ასევე, ამ შეთავაზების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეეხებოდა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის.
„ამ ეტაპზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების ოფიციალური შედეგები. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რამდენიმე დარღვევისა და პოტენციური საარჩევნო კანონის დარღვევის შესახებ არჩევნების დროს. ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ჩვენ გავეცანით საქართველოს პროკურატურის განცხადებებს. საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი.