ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის იმედისმომცემი, რომ ახალი მთავრობა მზადაა, ბევრი იმუშაოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰეჩინსკი იმედოვნებს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინკლუზიური მუშაობა იქნება და ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული.
„ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ სიახლესთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. ქართული პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად შეასრულებენ ცხრა ნაბიჯს. ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ, რათა საქართველო წელსვე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ეს არ არის ჩვენს ხელში, ეს არ არის ევროკავშირის და ბრიუსელის ხელში, ქართული პოლიტიკური ელიტის ხელში. გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთვება, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად ჩართული და არჩევნების პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე. ბუნებრივია, არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი. ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის იმედისმომცემი, რომ ახალი მთავრობა, რომელიც შემდეგ კვირას იქნება დამტკიცებული, მზადაა, ბევრი იმუშაოს ჩვენი დახმარებით, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.