პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც პოეტმა, რატი ამაღლობელმა აქციაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი უნდა გააუქმოს.
„ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. „ქართული ოცნება“ გაწელავს ახლა ამ პროცესს და ჩვენ პრინციპულად, ჯიუტად უნდა ვიდგეთ აქ, მივაღწიოთ მთავარ შედეგს. მთავარი შედეგი არის მინიმუმი – ამ კანონის საერთოდ გაუქმება და ისტორიის სანაგვეზე მოსროლა“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დილიდან მიმდინარეობს.