პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა.
„დღეს, პარლამენტში სამუშაო დღე სისხლის დონაციის ტრადიციული აქციით დავიწყეთ. მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აქციაში და უანგაროდ გაიღო სისხლი. ეს არის უმნიშვნელოვანესი აქცია, რომელსაც შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მოქალაქეებს მოგიწოდებთ, თუ საშუალება გაქვთ, გაიღეთ სისხლი და გადაარჩინეთ სიცოცხლე“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
სისხლის დონაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
„სისხლის უანგარო დონაცია არის სოლიდარობის საუკეთესო ფორმა. თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლით მინიმუმ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოებაში უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სიცოცხლის გადარჩენის პროცესში დონაციის როლის ხაზგასმა.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია პარლამენტში ყოველ წელს იმართება. დონაციის აქცია საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკმა ჩაატარა.