პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, მესამე მოსმენით, 74  ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, კანონს ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემასთან და სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევებისთვის სანქციები დაემატება. სანქციები წესდება ასევე ნარჩენების მფლობელის მიერ ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის სამართავად გადაცემისთვის, ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევისათვის. 

კანონპროექტის მიღების შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მგვ-ს სისტემის ეფექტიან დანერგვას. ასევე, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი კონკრეტული მოთხოვნების დარღვევის ან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაწესდება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.