„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

თეა წულუკიანის განმარტებით, კარგი იქნება, თუ ბადრი ჯაფარიძე გამოცხადდება კომისიის სხდომაზე.

„ხვალინდელი სხდომა დაიწყება 10:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბოთ 5-10 წუთით ადრე და სწორედ ბადრი ჯაფარიძის საქმეს ვუყაროთ კენჭი. ამასობაში თუ ის გამოცხადდა, ხომ კარგი, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება, აზრი შეიცვალოს, თუ არადა ვუყრით კენჭს, განვიხილავთ ამ საკითხს და შემდეგ გავხსნით სხდომას აგვისტოს ომთან დაკავშირებული თემით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს და გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“,

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს.

სხდომაზე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მისვლას და „ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. 

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.