მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. საქართველო უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს.
კვიჟინაძის თქმით, აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რომ ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ამას არავინ, მათ შორის, ოპოზიციაც არ უარყოფს, ფერადი რევოლუცია კი საქართველოში არ მოხდება.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე: აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რომ ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ამას არავინ, მათ შორის, ოპოზიციაც არ უარყოფს. ეს მთავრობა თუ შეიცვალა, რა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, არც ეს არის ძნელი გამოსაცნობი. NGO და სალომეს ფანჩატური.
ისმის კითხვა, ასე მოხდა და ამ ხალხს დაავალებენ იმას, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ – სანქციებზე მიერთებას და ომში სხვადასხვა ფორმით ჩართვას (მეორე ფრონტი და ა.შ). რას გააკეთებენ? მე მგონი, გასაგებია – უსიტყვოდ დაეთანხმებიან. ამის შემდეგ რაც მოხდება საქართველოში, უკვე ნათელია (უკრაინიზაცია).
რატომ აკეთებს ამას აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია, როდესაც იცის, რომ საქართველო, დასავლეთის მიერ გამოქვეყნებული ყველა ინდექსით და კრიტერიუმით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების კუთხით (აღარაფერს ვამბობ უკრაინასა და მოლდოვაზე, სადაც დიდი ხანია, აღარ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ოპოზიციური მედიასაშუალებები, არის კორუფცია, უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნებიც არ ჩაატარეს), რადგან ის იბრძვის, შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერობა, რომელსაც კარგავს და მისი მთავარი მოწინააღმდეგეების გარშემო უნდა შეკრას ცეცხლის რკალი.
ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდება. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ევროპული განვითარების გზას და, ჩვენი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მომზადებული ვიქნებით 2030 წლისთვის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – წერს პაატა კვიჟინაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.