რა მოხდა 4 ოქტომბერს – განსაკუთრებით ბატონმა პროკურორმა მომისმინოს. პირველად მეძლევა საშუალება, ჩემი დაკავების შემდგომ გესაუბროთ. „ოცნებას“ ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“. ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის. უნდათ, ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება და მე დღეს მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე. – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი. პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას. მეგობრებო, დაფიქრებულხართ, რომ როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის სასახლესთან არშემდგარ რევოლუციაზე საუბრობს და არცერთხელ არ ახსენებს, რა მოხდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის მთელ ტერიტორიაზე? ეს იმიტომ, რომ ჩვენს ასობითათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. ვერავინ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ, ყველანი, ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომლებსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა. ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც საჯაროა. ყველამ იცის ჩემი სამოქალაქო პოზიციაც, ჩემი საქმიანობაც, ჩემი შემოქმედებაც. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის სამსახურს ვეწეოდი – სცენიდან, ქველმოქმედებით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით. ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, თითქოს მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს.

ყველასთვის ნათელია, რისთვის კეთდება ეს – „ოცნება“ ცდილობს, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო თავიანთი ქცევა, ანუ სამშობლოს ღალატი – გმირობად. 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში, შედგა ეროვნული კრება, ჩვენი, ქართველი ხალხის დამსახურებით. ეს ნამდვილად იყო შეკრება, სადაც მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება, რომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი. მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. აგრეთვე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ბევრ თქვენგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის, მეც. ვიცით, ათონელის სასახლესთან რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს, შესაბამისად, მოკლებული ვარ სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება. თუმცა ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ მიღწეულით – ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით, გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ამიტომაც, დაიმახსოვრეთ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების შემდგომ ჩვენ კი არ ვებრძვით არალეგიტიმურ მთავრობას, არამედ უზურპატორის ბანდა ებრძვის ხელისუფლებაში მყოფ საქართველოს ხალხს“ , – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის სიტყვას საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს