4 ოქტომბერს ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ, ეს არის გარდაუვალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

„ერთადერთი პრობლემა, თითქოს, თვეების წინ იყო ის, თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი, რომ გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მეტი.

ეს არ არის აქცია. ეს არის ეროვნული კრება. ეროვნულ კრებაზე ჩვენ განვიხალავთ რამდენიმე საკითხს. ეს არის – გვინდა თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, ავიღოთ ხელში ხელისუფლება და ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყანა. მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყველანი ვიტყვით, რომ – კი. იმ  წუთიდან როგორც კი ამას ვუყრით კენჭს, იმ წუთიდან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ამის შემდეგ, ვიღებთ ხელისუფლებას ხელში. საქართველოს მოქალაქემ უნდა აიღოს ხელში ამ ქვეყნის მართვა.

აუცილებლად უნდა დავნიშნოთ დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყანას და იქნება პროფესიონალებით აღჭურვილი და რაც მთავარია, პატიოსანი ხალხით, რადგან ეს დიდი იშვიათობა გახდა დღეს. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქ ვინც გაიმარჯვებს, ის პოლიტიკური პარტია იქნება მმართველი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.