გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების შედეგები და სამომავლო ხედვა წარადგინა.
„2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების საკმაოდ მაღალი 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალი რჩება. სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. მიმდინარე წელს პროგრამის დაფინანსებისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრობის კანდიდატმა დარგობრივი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2024 წელს მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და ამისთვის ისარგებლოს შეღავათებით უპრეცედენტოდ გრძელვადიანი პირობებით, 7 წლის განმავლობაში. პროგრამა ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხორცისა და რძის წარმოების ზრდას. მცირე მეურნეობებისთვის გათვალისწინებულია საგრანტო დაფინანსებაც.
„განვითარების დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად 8 ლოკაცია გამოიყო, რამაც შექმნა მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ათეულ ათასობით ტონა თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოებისთვის და ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად. აქტიურად ვმუშაობთ სალიცენზიო პირობებზე, რათა მიმდინარე წელსვე შევძლოთ ამ მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული მცირე მეურნეობების განვითარებასაც“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.