გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი“ დაათვალიერა. 

„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მევენახეების და მეღვინეების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მარნის მფლობელი ეკატერინე ცვარიანი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ბენეფიციარია. მან საოჯახო მარნის „თამანი“ აშენება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში განახორციელა. ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.  მეწარმემ, ბიზნესის განვითარებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოსგან, დაახლოებით, 50.000 ლარი საგრანტო თანადაფინანსებაც მიიღო. 

ეკატერინე ცვარიანი ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან ბიო ღვინოს აწარმოებს. საოჯახო მეურნეობას ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად უძღვება. 2024 წელს,ყურძნის მიღება- გადამუშავება ოჯახმა უკვე ახალ მარანში შეძლო.

მინისტრთან ერთად, საოჯახო მარანი „თამანი“მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა,გოჩა ენუქიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 59 ბენეფიციარს გაუფორმდა. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8.8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც  სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4.5 მლნ  ლარს აჭარბებს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.6 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1.4  მლნ  ლარს აღემატება.