სახალხო დამცველი, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება - ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, - წერია განცხადებაში.
ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა
ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.
შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.