სარკაზმია ნამდვილად, რომ ნიკა გვარამიას ჟურნალისტიკაში რამე პრიზი შეიძლება ეკუთვნოდეს, როდესაც ის ყველაფერს აკეთებდა თავისუფალი სიტყვის ჩახშობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„უკვე წლებია ქართული სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ანტიკამპანია. მთელი ძალისხმევა, ადამიანური, ფინანსური რესურსები იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქართული სასამართლოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ყველა მომდევნო წელს, რეიტინგები იქნება, საერთაშორისო შეფასებები თუ სხვადასხვა კვლევა, უკეთეს და უკეთეს შედეგებს იღებს და აღწევს ის [სასამართლო სისტემა]. სასამართლო არის სამართლიანობის გარანტორი და ამ ადამიანებს არ სჭირდებათ სამართალი, მათ სჭირდებათ მათი ინტერესების დაცვა და ისე, როგორც ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს, რომ სასამართლო მათ ინტერესებს იცავდა, ნამდვილად არ იქნება ასეთი. შესაბამისად, ვერასდროს ვერ დაემთხვევა მათი ინტერესები სასამართლოსას. ისინი სავსე არიან სხვადასხვა დარღვევით თუ ძალიან მძიმე დანაშაულებრივი წარსულით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.