საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანუს განცხადებით, "კარმა სასტიკია" და რასაც ევროკავშირის ლიდერები საქართველოსგან ითხოვდნენ, ახლა იმავეს აშშ ითხოვს მათგან.

"კარმა ასეთი სასტიკია. როდესაც საქართველოს შემთხვევაში ისინი, პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რომ კანონები მათ მითითებით მივიღოთ, ახლა ზუსტად იგივე რისკები დაეკისრათ მათ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის კონკრეტული მითითება და კონკრეტული შეთავაზება, რომ თუ ტარიფებთან დაკავშირებით ვერ მორიგდებიან, ფრანგულ ალკოჰოლურ სასმელებს 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა ვერ უკარნახებს საფრანგეთს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შეიმუშაონ. როგორი სასტიკია კარმა, როდესაც თავად, მათ შორის, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მიუთითებდნენ, როგორი კანონები უნდა გვქონოდა და გვაკრიტიკებდნენ, თუნდაც გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

"ნიუ-იორკ პოსტთან" ინტერვიუში, შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგულ ღვინოზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებულ ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.