ასეთი გასაცოდავებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა. ფაქტობრივად, გეგმის გასაცნობად შეკრებილი ოპოზიცია ამცნობს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ხელახლა გეგმავენ შეკრებას, რომ ისევ გეგმა გააცნონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ვერც დღევანდელი შეკრება იქნება გამონაკლისი, რადგან რადიკალების მისივე ამომრჩეველსაც აღარ სჯერა.

„ალბათ ტოპ ტვინებმა და თენგომ განსაკუთრებით აქტიურად იმუშავეს, რომ მორიგი აბსურდი შესთავაზონ საკუთარ ამომრჩეველს და გამოკვებონ ისინი. ფაქტობრივად არ არსებობს არგუმენტი მათ მხარეს. ამიტომ რა გეგმაც არ უნდა წარმოადგინონ, ეს გეგმა არის ჩაშლილი, განულებული. იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი აღარ უჯერებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობით გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა არის მცირე. ნინო წილოსანის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ აქციაზეც ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას შეძლებს.

„ეს არ იქნება მსხვილმასშტაბიანი აქცია. ვფიქრობ, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი განუდგება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და აღნიშნა, რომ რადიკალები სექტანტებივით არიან და შეუძლიათ ყველაფერი გააპროტესტონ.

ნინო წილოსანის თქმით, რადიკალები ქვეყნის შიგნით ვერაფერს ცვლიან თუმცა აზიანებენ ქვეყნის იმიჯს გარეთ.

„ქვეყნის შიგნით ისინი მოცემულობას ვერ ცვლიან, მაგრამ რასაც ისინი აზიანებენ და აფუჭებენ, ეს არის ჩვენი საგარეო იმიჯი, რეპუტაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართლაც რომ საუკეთესო ჰქონდა და კიდევ უკეთესი უნდა ჰქონდეს იმ მიღწევების შესაბამისად რაც ჩვენ გვაქვს. თუმცა უდიდესი ენერგია, უდიდესი ფული, უდიდესი გავლენები იდება იმაში, რომ დღეში რამდენიმე სიუჟეტი გავიდეს საქართველოში არადემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც არის სრული ტყუილი და ფეიკი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.