ვტოვებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამისად თბილისის საკრებულოში ფრაქციას. ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად, დღეს, ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, საკითხი დამიყენა ასე: ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი „ნაცმოძრაობის“ რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ, დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ „ნაცმოძრაობას“. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც „ქართული ოცნების“ პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და „ქოცებთან“ გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და „ქართული ოცნების“ დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ. თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობასაც“. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, „ენმ“-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად“, – წერს ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში.