სამოქალაქო ორგანიზაციების როლი არ არის დღესასწაულების მილოცვა, ჩვენს პირად გვერდზე შეგვიძლია, ვისაც გვინდა იმას მივულოცოთ - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. „მდიდარმა ენჯეოებმა“ მართლმადიდებლებს 7 იანვარი, ქრისტეს შობის დღესასწაული არ მიულოცეს.
„ზოგადად, პროპაგანდის მეთოდები მუშაობს ისე, როდესაც ყველაზე მგრძნობიარე თემებზე ხდება ხოლმე შეხება - ეს არის ნაციონალისტური, რელიგიური თუ სხვა ტიპის თემები, რომლებიც საზოგადოებაში შეიძლება იყოს მგრძნობიარე და ძალიან ადვილია ასეთი თემებით კონკრეტული ჯგუფის დისკრედიტაცია, თუ ეს გსურს. ცუდია, როდესაც იყენებენ ისეთ თემებს, რომლებიც საერთოდ არ არის ჩვენთან კავშირში. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი და ვიდებატებდი ამ ადამიანებთან არჩევნებზე, დემოკრატიაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე - იმ თემებზე, რაზედაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ამ თემებზე დებატისა და დისკუსიის ნაცვლად ხდება ასეთი თავდასხმები, მათ შორის ძალიან პერსონალური თავდასხმები ჩემზე და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო საქმესთან.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. ბოლო არჩევნების შეფასებებს რომ შეხედოთ, მათი ჩატარების ხარისხი გაუარესებულია. ასე ვაფასებთ არჩევნებს 2018 წლის შემდეგ. დემოკრატიული უკუსვლაა, შესაბამისად ხელისუფლების ნაბიჯებიც უარესდება - სამოქალაქო ორგანიზაციებზე თუ აქამდე კრიტიკა იყო, ახლა არის თავდასხმები იმისთვის, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს, რათა ჩვენ რასაც ვიტყვით, ამ ყველაფერს არ ჰქონდეს ფასი და ძალა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.