ჟენევაში გაიხსნა მსოფლიო სპიკერების მეექვსე კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს საპარლამენტო კავშირისა და გაერო-ს ეგიდით ტარდება. ჩვენი დელეგაცია ამ პლატფორმას ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან შორს არიან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება არ გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ამ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაცია საუბრობს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე არაღიარების პოლიტიკაზე.

„ვიზიტის პირველივე დღეს შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც არაღიარების საკითხი ნაკლებად დგას. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ და ინფორმაცია გავცვალეთ, როგორც საქართველოს, ასევე სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. აგრეთვე, ვისაუბრეთ სლოვაკეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. გამოვთქვით წუხილი, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყანა ვითარებას არასწორად აფასებს, რაც ევროინტეგრაციას ზიანს აყენებს. საკმაოდ გულითადი საუბარი გვქონდა, სლოვაკეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება. ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.