წელიწად-ნახევარია, ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი, ჩვენ ეს ზუსტად ევროპელი პარტნიორებისგან ვიცოდით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაასახელონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან.

ბოლო წელიწად-ნახევარია, ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ლელოდან“ ბრიუსელში თუ სხვადასხვა ქალაქში როცა ვიზიტით ჩადიან, ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი. ეს ყურით მოთრეული თემა და ჭორები, გამონაგონი არ იყო, ჩვენ ეს ზუსტად ევროპელი პარტნიორებისგან ვიცოდით, რომლებიც ამას გვეუბნებოდნენ. სამნიძის აღიარება პირველი არ არის. რამდენიმე თვის წინ ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემაც თქვა. იმედია, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე აიმაღლებენ ხმას და საჯაროდ  დაასახელებენ იმ პირებს, რომლებიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?  დღევანდელ მოცემულობაში სტატუსის წინააღმდეგ გამოსვლა, პირველ რიგში, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია. საზოგადოებას როცა ვუმალავთ, ვინ არის ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგე და ვინ მიდის ღალატზე, ესეც თავისთავად დანაშაულია. ვინც იმ შეხვედრებზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად არიან, შეხვედრებს ესწრებიან, უნდა თქვან ღიად, ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან. საზოგადოებამ ამ ადამიანების ვინაობა უნდა იცოდეს, რათა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ კარგია, თუ თავად დაასახელებენ იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.