ასეთი განცხადება ნიკა მელიამ „მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" გააკეთა.
„მთავარი არხის" ეთერში ნიკა მელიამ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც მან „ნაციონალური მოძრაობის დატოვება და ახალი პარტიის დაფუძნება გადაწყვიტა. მისი თქმით, ახალი პარტიის მთავარი იარაღი არა ფული, არამედ სიმართლე იქნება.
„სიმართლე იქნება ის იარაღი, რომლითაც ჩვენ გავიმარჯვებთ. 2003 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მის მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რითი მიაღწია წარმატებას. წარმატების გასაღები მარტო იმაში კი არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დასავლური განათლების, საუბრობდა ხუთ ენაზე, იყო ქარიზმატული. რა თქმა უნდა ეს ფაქტორები იყო, მარა არავითარ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო. ეხლაც მე ასე ვხედავ. მთავარი რა იყო... მაშინდელი პარტია ხალხის ინტერესს ასახავდა, ხალხი მასში ხედავდა თავისნაირს. ფიქრობდნენ, რომ ეს ბიჭები, ეს გოგოები, აი, მეზობელი ეზოდან ბიჭი და გოგოა. ჩემნაირები არიან... სიმართლეს ასხივებდნენ. მე დღეს ეს უკვე აქ ვეღარ დავინახე. მე ეს რომ დამენახა, ვიქნებოდი სხვასთან ერთად....
ის წიაღი, საიდანაც დაიბადება დიდი გამარჯვება და სადაც ლომის წილს შევიტანთ, არის ის წიაღი, სადაც მე ვარ ბევრ ადამიანთან ერთად. მე რომ სხვაგან მენახა ამის შესაძლებლობა, ვიქნებოდი სხვაგან", - თქვა ნიკა მელიამ
- ანუ არცერთ მოქმედ პარტიაში არ ხედავთ ამ შესაძლებლობას
„არცერთ მოქმედ პარტიაში არ ვხედავ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გაწევრიანებისა".
- ანუ აფუძნებთ თქვენსას. მოდით კონკრეტულ საუბარზე გადავიდეთ,
„კი, რა თქმა უნდა.... და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის. არიან სკეპტიკოსები, იქნებიან, ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში, მაგრამ მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, შეიძლება ვთქვა, რომ ყველაზე შესაძლებელია, აი, არჩევნები როდესაც მოვა, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, რა ვიცი, ყველაზე კვალიფიციურები შეიძლება ვიყოთ, ხო, თუმცა ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია, ხო, მაგრამ რაზეც ნამდვილად შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე"- განაცხადა ნიკა მელიამ და წამყვანის კითხვის შემდეგ პარტიის დაფუძნების თარიღი ვადა უფრო მეტად დააზუსტა:
„ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ პრაქტიკულად ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას, იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის - უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე".