მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი. აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები – ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ. ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ. მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება, სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას. ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით“, – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ კითხვებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა.

კომისიაზე  დაბარებულია გენერალი მამუკა ყურაშვილი.