არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით. არ მჯერა, რომ ოდესმე ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას პოლიტიკური კორუფციითვე. არ მჯერა, რომ უღირსობას ოდესმე ვინმე უღირსობით დაამარცხებს. არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დამარცხებადია, პოლიტიკური ვაჭრობით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე და მანკიერი ფენომენი და მოვლენაა, ვიდრე კორუფცია.. მე მჯერა, რომ სისტემური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სუფთა წარსული, რეპუტაცია, ცოდნა,პატიოსნება, გამბედაობა - აი, ეს არის გამარჯვების ახალი გზა და არა პოლიტიკურ ვაჭრობებში ჩართვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო (გაემარჯვა ამ პრინციპებს) ეს პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი.
შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.
პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა.
სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობა
ვიცი რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს. თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა. ახლა მაქვს ორი არჩევანი - ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.
დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს. მართალი ხალხი - არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.
ყველა ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს ინდივიდუალურ, სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას.
მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.
ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ნიკა მელიამ."- განაცხადა ნიკა მელიამ.