ერთიანობის გარეშე, ცალცალკე, ყველას ციხეში წაგასხავენ ტოროლა და ოლოლივით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები Nika Melia Bacho Dolidze Zviad Kuprava
დღევანდელის მსგავსს და კიდევ უარეს ძალადობას აწი ყოველ მეორე დღეს მოაწყობს ქართული ოცნება. ერთიანობის გარეშე, ცალცალკე, ყველას ციხეში წაგასხავენ ტოროლა და ოლოლივით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement. უნდა გაერთიანდეთ კვლავ და დაუბრუნდეთ ნორმალური თანაცხოვრების რეჟიმს! მეტი პასუხისმგებლობა და მეტი კეთილგონიერება გმართებთ!“ - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინი უბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.
გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის მტკიცებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.