ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRCსაქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს. 

ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ - განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი.
ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). 
ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. 
კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.