ამხელა თავმჯდომარე კაცი ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ გახარიასთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა, სირცხვილია - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“.
"შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი, ერთობაზე და ამხელა თავმჯდომარე კაცი მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა გახარიასთან დაკავშირებით, სირცხვილია. საელჩო ინფორმირებული იყო, რომ ადამიანს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. როგორც ჩანს, მან ვერ დაძლია კომპლექსები. არანაირი პრობლემა არ აქვს არც გახარიას და არც პარტიის ლიდერებს. თავმჯდომარეებზე ნუ არის ხაზგასმა, დაბარებულები იყვნენ პარტიის ლიდერები. ნუ გვაყენებს დანარჩენ კოლეგებს შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია",- აღნიშნავს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები შეხვედრას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეს ფაქტი მისთვისაც კითხვის ნიშანს აჩენს.
დღევანდელ შეხვედრას კი ესწრებოდნენ პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.