ცრუპენტელობასაც კი ვერ დაარქმევ, როცა ჯერ არჩევნებში „გამარჯვებას“ ზეიმობს, ხოლო შემდეგ ამავე არჩევნების გაყალბების ფანტასტიკურ მასშტაბებზე (300-400 ათას გაყალბებულ ხმაზე) აპელირებს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
„სიბრიყვის აპოთეოზი. პოლიტიკა და პოლიტიკოსი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მას მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პულსზე (მაჯისცემაზე) უდევს ხელი. დღეს, როდესაც ზოგან დეკლარირებულად, და ზოგან დეკლარირების გარეშე მიმდინარეობს პოლიტიკის გადატვირთვა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამაც აუბა მხარი და გააკეთა განცხადება გადატვირთვის შესახებ, ამ დროს, მარგინალურ-კრიმინალური ოპოზიცია ხან 90-იანი წლების „ჯოს... ჯოს...“ ძახილში ან კარვებისა და ლეიბების გაშლის მზადებაშია, ხან „კმარას“ მეთოდებით საღებავების შესხმით წარმატების მიღწევის მოლოდინში და ხანაც საკუთარი მხარდამჭერებისა და უცხოელი კურატორების მოტყუებით ცდილობს ფონს გასვლას.
სიბრიყვეა, ვინაიდან ცრუპენტელობასაც კი ვერ დაარქმევ, როცა ჯერ არჩევნებში „გამარჯვებას“ ზეიმობს, ხოლო შემდეგ ამავე არჩევნების გაყალბების ფანტასტიკურ მასშტაბებზე (300-400 ათას გაყალბებულ ხმაზე) აპელირებს. ამ ძალად ევროპელებს, რეალურად კი კრიმინალ-მარგინალებს ვერ დაუჯერებიათ, რომ ლენინი მოკვდა, მისი მოძღვრებაც თან წაიყოლა, ამიტომ დროა თავი დაანებონ ნორჩი ლენინელობისგამოყენებას. მათ ვერა და ვერ გაიგეს, ამაოა ახალგაზრდებში კომკავშირული სულის ჩანერგვის და ტყუილებზე დამყარებული პროპაგანდით, სტუდენტების დიდი ნაწილის დარაზმვა.
ჰოდა, რადგან ვერაფერი გაიგეს, არ ეშვებიან, საკუთარი მოქმედების პრაქტიკაში ათასჯერ გამოყენებული მარაზმის ისევ და ისევ გამოყენებას. არც იმის დაჯერება უნდათ, რომ ჩაილურის წყალი დალია დონალდ ტრამპის მიმართ, ლიბერალური ფაშისტების იმ მუქარებმა, რომ ის დღე-დღეზე ციხეში უნდა გაუშვან. თვალს ვერ უსწორებენ იმ რეალობას, რომ ციხის ნარების ნაცვლად პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩენილი ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც ზურგს სენატისა და კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობა უმაგრებს, ისტორიული შემობრუნების დასაწყისი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დომინაციიდან ისტორიული და კლასიკური დემოკრატიის გზაზე. ჩვენს ქვეყანაშიც დგება ცვლილებების დრო, რომელიც არა მარტო გადატვირთვის პოლიტიკაზე უნდა აისახოს, არამედ ახალი, ჯანსაღი და ცივილიზებულად მოაზროვნე ოპოზიციის დაბადებაშიც. თუ გვინდა, რომ შეიქმნას მართლაც სამოქალაქო საზოგადოება თავისი პარტიებით, ჟურნალისტებით და ენჯეოებით, ამისათვის საჭიროა, თავისი სახელები დაერქვათ პოლიტიკურ ზონდერ ჟურნალისტებს და ენჯეოშნიკებს. სხვაგვარად ვერ მოხდება გამარგინალიზებული პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების გადაფასება, შესატყვისი სახელების დარქმევა, ახალ რეალობაზე მორგება და გადატვირთვა. ვინც არ უნდა უწოდოს ნაცების პოლიტიკას დემოკრატიის შუქურა, გაუმჭვირვალეობას- ევროპულობა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას - ცივილიზაციის უმაღლესი მწვერვალი, ნორმალური ადამიანებისთვის ეს ყოველთვის იქნება ცოდვა და ნორმისგან გადახრა.
რაც უნდა იძახონ ზემოხსენებული ნორმისაგან გადახრის ლობისტებმა, ანუ ქართულ პოლიტიკური ველზე ნაცების ოთხ პარტიად გადანაწილებულმა ოპოზიციად წოდებულმა უცხო ქვეყნის აგენტურამ, ისინი ვერ შეცვლიან და ვერც გადაახტებიან ასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ და პრაქტიკით განმტკიცებულ ხალხურ სიბრძნეს, რომელიც ამბობს: “მთელი ხალხი შეიძლება მცირე დროით მოატყუო. ხალხის მცირე ნაწილი შეიძლება მუდმივად მოტყუებული გყავდეს. მაგრამ მთელ ხალხს მუდმივად ვერ მოატყუებ”. ასე მოატყუეს მთელი ხალხი (ანუ ხალხის დიდი უმრავლესობა) ნაცებმა 20 წლის წინ, ასე ატყუებენ დღესაც ხალხის ნაწილს, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი არათუ ხალხის უმრავლესობას ვეღარ ატყუებენ, არამედ მათ მიერ დღემდე მოტყუებული ხალხის რაოდენობაც დღითიდღე მცირდება. ნაცები და მათი მესაკუთრეების სიბრიყვის შედეგია, რომ ვერ აანალიზებენ (ან საკუთარ თავსაც იტყუებენ), ზემოხსენებულმა ოთხმა პარტიამ, რომელმაც მარტო თბილისში 287 ათასი ხმა მიიღო, არჩევნებიდან გასული 3 კვირის მანძილზე რატომ ვერ გამოიყვანა ქუჩაში, ამის მეათედი მხარდამჭერიც კი. მაშინ როცა თითქმის 300 ათასამდე მხარდამჭერი მარტო თბილისში და 800 ათასამდე მხარდამჭერი თითქოსდა მთელ საქართველოში დღემდე ჰყავთ, მაგრამ ისინი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გამოდიან. ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მათსავე ამომრჩევლებმა საკუთარი თვალით დაინახეს, რომ არჩევნების დღეს, არავითარ მასობრივ გაყალბებებს, მასობრივ ზეწოლებს და მუქარებს, მასობრივ მოსყიდვებს, მასობრივად პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს, არჩევანის ფარულობის მასობრივად დარღვევებს და ოპოზიციის მიერ პროპაგანდირებულ სხვა ათასგვარ სისულელეს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
მხოლოდ სულელი თუ მიიჩნევს, შესაძლებლად 300-400 ათასი ხმა ისე გააყალბო, რომ თუნდაც მათი ხმის მიმცემებიდან 10 ადამიანის არ გამოჩენილიყო, რომლებიც იტყოდნენ, მე ხელისუფლების ესა და ეს წარმომადგენელი მაშინებდა, ფულს მთავაზობდა, პირადობის მოწმობას მართმევდა და ა. შ. ბოლოს „გაყალბების“ დასამტკიცებლად ის „აღმოჩენა“ შერჩათ ხელში, რომ თურმე „ოცნებას“ კოორდინატორები ჰყოლია, რომლებიც საკუთარი მომხრეების მობილიზებას ახდენდნენ საარჩევნო უბნებზე მისაყვანად, ეს კოორდინატორები საარჩევნო უბნებიდან 300-400 მეტრით დაშორებულ შენობებში განუთავსებიათ და ისინი ტელეფონებით ახდენდნენ საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებასო. და თუ ეს დანაშაული არ არის, დაქირავებულ შტაბებში განთავსებულ ოფისებს ქოლ-ცენტრებს რატომ ეძახდნენო, ხოლო მათ ხელმძღვანელებს კაპიტნებსო, თანაც, არჩევნების დღეს მათ 100-100 ლარს უხდიდნენო.
თითქოს თვითონ ოპოზიციას არც კოორდინატორები ჰყოლიათ და არც თანხები გადაუხდიათ მათთვის. ხოლო რაც შეეხება იმას, კოორდინატორების ჯგუფების ხელმძღვანელს, კაპიტანს დაარქმევ თუ გენერალს, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ამით საარჩევნო კანონმდებლობა არ ირღვევა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მოშორებით არც კოორდინატორის ყოფნაა უკანონო და არც მხარდამჭერთა მობილიზაციისკენ მიმართული მისი აქტივობა. მოკლედ, საკუთარი ტყუილებით ფონს ვერგასული, სასოწარკვეთილი ნაცები ამტკიცებენ, რომ მათ მოიგეს არჩევნები და ამიტომ ისე უნდა პოზიციონირებდნენ, როგორც ხელისუფლება. ქვეყანა ერთ ცნობილ სამედიცინო დაწესებულებას დაამსგავსეს, რომელშიც ზოგი ნაპოლეონს ეძახის საკუთარ თავს, ზოგი ალექსანდრე მაკედონელს და ზოგი თემურ-ლენგს. თუ გავითვალისწინეთ, რომ უკვე საღებავების სროლა დაიწყეს და მალე ალბათ ქვების სროლაზეც გადავლენ, ასეთ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბევრიც აღარაფერი უკლიათ“, - წერს კაკაბაძე.