საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე ასევე იმსჯელეს 75 დევნილი ოჯახისთვის (196 პირი) საერთო სარგებლობაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. გადასაცემი ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი უპირველესია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება, რომ არცერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.
გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.