მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრდება.
ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში საუბრობენ და განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
„რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო – ყველას მიმართ, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ჩვენ ვიყავით ხოლმე პირველი მაგალითი, რომელსაც ახსენებდნენ, თუ ვის შეეხებოდა „რუსული კანონი“. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტიტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები და მსგავსი ეპითეტები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუკი რაიმე ზიანი შეიძლებოდა, მოეტანა ამ იარლიყების მიწებებს, ეს ზიანი უკვე მოიტანა, ვისაც შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ, რადგან ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს, თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ გაივლის კანონით რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის, ხელისუფლებისთვის აქამდეც იყო აგენტი და ასე იქნება შემდეგშიც.
რეგისტრაცია გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად, გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად. ეს გულისხმობს მათ შორის იმას, რომ შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ხელისუფლების სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან თუ არა, ხელისუფლება კანონით იტოვებს უფლებას, იძულებით დაარეგისტრიროს ორგანიზაციები რეესტრში. ერთ-ერთი ვარიანტია არდარეგესტრირება და ჯარიმების გადახდა. ეს ჯარიმები არის კოლოსალური და არაერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ეს ჯარიმები ორგანიზაციას მიიყვანს გაკოტრებამდე. მაგალითად, ორგანიზაცია ვეღარ შეძლებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას და ეს სწორედ ის არის, რაც ხელისუფლებას უნდა“, – აცხადებენ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები.